გარდაბნის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან ერთად დაათვალიერა.


ამ ეტაპზე, სოფელ მარტყოფში მიმდინარეობს 5-კილომეტრიანი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ორფენიანი ასფალტბეტონის საფარისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას. პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 000 ბენეფიციარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ სართიჭალაშიც, სადაც გზის ორივე მხარეს ეწყობა 4 600 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხები, ხოლო 1 500 მეტრიან მონაკვეთზე – საფეხმავლო ბილიკები.
პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათი საერთო ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ასევე გაეცნენ მისი პირველი მოადგილე ილია ჯალაღანია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
