გარდაბნის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „სვანთა“ აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტივში
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში მოქმედი ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლი „სვანთა“ აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურადღების ცენტრში მოექცა.


ანსამბლი, რომელსაც ხვიჩა ავალიანი ხელმძღვანელობს, 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მოგვიანებით ანსამბლს შეუერთდა მისი მეუღლე, აქსანა ბალიაშვილი, რომელიც წარმოშობით საინგილოდანაა. მისი ხელმძღვანელობით სასწავლებელში აზერბაიჯანული ცეკვების შესწავლაც დაიწყო.
ანსამბლის წევრები სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობენ და არაერთ წარმატებას აღწევენ.

სტუმრებს ანსამბლის ხელმძღვანელმა ხვიჩა ავალიანმა ქართული ხალხური ცეკვის კულტურა გააცნო, ხოლო მისმა მეუღლემ, აქსანა ბალიაშვილმა, აზერბაიჯანული ნაციონალური ცეკვების ოსტატობა წარუდგინა.
ანსამბლის წარმომადგენლების თქმით, მათი მთავარი მიზანია ქართული და აზერბაიჯანული კულტურის პოპულარიზაცია, ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავება და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის დაახლოება.
„სოციალური ქსელის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და ანსამბლის საქმიანობით დაინტერესდნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული კულტურა და ხალხური ცეკვები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავაცნოთ საზოგადოებას. ამავდროულად, გვინდოდა აზერბაიჯანელი ხალხისთვისაც წარმოგვეჩინა მათი კულტურა, რომელსაც ჩვენს ანსამბლში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს კულტურული ურთიერთობები ხალხებს შორის მეგობრობასა და დაახლოებას კიდევ უფრო აძლიერებს“, – განაცხადა ხვიჩა ავალიანმა Regionnews-თან საუბრისას.
