ბოლნისში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოვლინდა – გარემოს დაცვის სამინისტრო მონიტორინგს აძლიერებს
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევმა სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სამართალდარღვევის ფაქტზე მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა ტყითსარგებლობის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 69 ფაქტი იყო დაფიქსირებული. უწყების ცნობით, სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.
კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც პირდაპირი პატრულირების, ასევე ფოტოხაფანგებისა და დრონების საშუალებით.
