ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ვ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილებისას გადაამოწმეს. ავტომობილის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. გარდა ამისა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.