,,ახალი რეგლამენტით დაგეგმილია საკანონმდებლო წინადადების ინსტრუმენტის ეფექტიანობის ზრდა”-შალვა პაპუაშვილი
„ორი წელია საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს, მოხდა შესწავლა იმის თუ რა ხარვეზები არის, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში არის 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, ადვილად გამოსაყენებელი რომ იყოს, მათ შორის არაიურისტი პარლამენტის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის. ახალი რეგლამენტის მიხედვით აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნებები, რაც არის პროცედურებში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თავად ტექსტი 90%-ზე მეტი იგივე რჩება, რაც მოქმედ რეგლამენტში არის, ვინაიდან არის პროცედურები, რომლებიც გაწერილი არის და ეს ასევე, უზრუნველყოფს, რომ ახალი რეგლამენტი გამოსაყენებლად ადვილი იყოს.
დაგეგმილია, რომ მაისის ბოლოსთვის მივიღოთ ახალი რეგლამენტი, რომელიც ძალაში შევა 1-ლი ივლისიდან. რა არის ძირითადი ცვლილებები, პირველი ეს გახლავთ, რომ ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. ჩვენ ორი წლის წინ გავზარდეთ რაოდენობა და სესიის განმავლობაში 4 ინტერპელაცია იყო. ახლა ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაცია. ასე რომ იქნება შესაძლებელი მოვუსმინოთ მინისტრებს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. ასევე, ხდება ხელახალი მოწესრიგება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპის დასრულების შემდეგ დებატების წესისა. აქამდე იყო უფრო მონოლოგური ხასიათის, ფრაქციები გამოდიოდნენ რიგრიგობით. ახალი მოწესრიგებით ის იქნება მონაცვლეობითი გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს. იქნება ინტერპელაცია უფრო აქტუალური.
აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“, რომელიც თავის დროზე 2018 წელს საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული.
მეორე საკითხია დროებითი კომისიები. თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს დროებით საგამოძიებო კომისიას, თუმცა კონსტიტუციით ასევე, გათვალისწინებულია სხვა დროებითი კომისიები, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიქმნას საგამოძიებო ფუნქციების გარეშე. ეს კონსტიტუციური ინსტრუმენტი პარლამენტში ფაქტობრივად არ გამოიყენებოდა და მის ნაცვლად იყო სხვა ინსტრუმენტები, როგორიც იყო მუდმივმოქმედი საბჭოები, თემატური მოკვლევა და ა.შ. მთავარი მიზეზი რატომაც არ გამოიყენებოდა იყო ის, რომ რეგლამენტში სხვა დროებით კომისიებს ეთმობა ფაქტობრივად ორი მუხლი და არის ძირითადად მითითებები საგამოძიებო კომისიის რეგულაციებზე, რაც ართულებდა ამ კომისიის შექმნას, ფუნქციონირებას და ა.შ. ამიტომ ჩვენ ვქმნით უფრო მარტივს, გასაგებს და მოქნილს დროებით კომისიას. უპირატესობა დროებითი კომისიის არის ის, რომ როგორც საგამოძიებო კომისია, ისიც იქმნება პარიტეტის პრინციპით, ნახევარ-ნახევარზე უმრავლესობა და ოპოზიცია. შესაბამისად, ეს იძლევა საშუალებას, რომ იყოს უფრო პლურალისტური მუშაობა ასეთი სახის მუშაობა ასეთ კომისიაში.
სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, ხდება დაბრუნება ძველი ფორმატის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.