გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი რიკაძის რიკაძის ადვოკატი ბრალის დამძიმებას აპროტესტებს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი რიკაძის ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, რომ ავალიანის ეპიზოდში ბრალის დამძიმება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
მისი თქმით, საქმე უკვე სასამართლოშია და აღნიშნულ ეპიზოდში ბრალის დამძიმება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
„რაც შეეხება ავალიანის ეპიზოდში ბრალდების დამძიმებას, მიგვაჩნია, რომ არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, იმიტომ, რომ საქმე უკვე სასამართლოშია და ამ ეპიზოდში არ ითვალისწინებს კანონდარღვევას. რაც შეეხება ახალ ბრალს, გადმოგვეცა მასალები, საკმაოდ მოცულობითია და გავეცნობით. ვიდეოში, რა თქმა უნდა, ფიგურირებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. დეტალებზე, რას ამბობს, ახლა თავს შევიკავებ. მასალები არის ძალიან ბევრი და დეტალურად არ ვიცნობ, რამდენიმე ეპიზოდში ფიგურირებს“, – განაცხადა კახა წერეთელმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა. ამასთან, უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ძალადობის კიდევ რამდენიმე ეპიზოდშიც მონაწილეობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარი ორგანიზებით სხვადასხვა პირებზე ძალადობდნენ და აღნიშნულ ქმედებებს მობილური ტელეფონების საშუალებით იღებდნენ.