აგრარული მიმართულებით დასაქმებულმა მსჯავრდებულებმა საგაზაფხულო სამუშაოები დაასრულეს
აგრარული მიმართულებით დასაქმებულმა მსჯავრდებულებმა N5, N8, N10 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საგაზაფხულო სამუშაოები დაასრულეს. მსჯავრდებულები წელს ჟოლოს, მარწყვისა და ბაღჩეული კულტურების მოსავალს ელოდებიან.
სასოფლო-სამეურნეო პროექტების ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ქსელურ მარკეტსა და საკონდიტროში ხდება. პროდუქციის გაყიდვის შედეგად, მიღებულ თანხას მსჯავრდებულები ხელფასის სახით იღებენ. ეს პროცესი მსჯავრდებულებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში, ახალი პროფესიული უნარების შეძენაში, მიღებული ხელფასი კი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება.
საგაზაფხულო სამუშაოებს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი დაესწრო.
აგრარული პროექტების მეთვალყურეობას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მუდმივ რეჟიმში ცენტრის მიერ დაკონტრაქტებული აგრონომი ახორციელებს. პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ხორციელდება.




