აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას მარტში შეძლებენ – დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი
ყოველწლიურად აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტში იწყება, თუმცა განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გამო, კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე უცნობია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აბიტურიენტთა ცნობართან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთან, განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაადასტურა, რომ აბიტურიენტები რეგისტრაციას მარტში შეძლებენ, ხოლო კვოტირებისა და პროგრამების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება თებერვალში გამოქვეყნდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2026 წელს აბიტურიენტებს კვლავ არ ექნებათ შეზღუდვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას. დამატებით, მათ ექნებათ შესაძლებლობა, სავალდებულო წესით, სამი პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის, რათა უმაღლესში ვერ მოხვედრის შემთხვევაში სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩნენ.
ცნობილია ისიც, რომ 2026 წლის 27 იანვარს მინისტრის ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტებმა 2–10 მარტს უნდა შეავსონ შესაბამისი ანკეტები, რაც აბიტურიენტთა რეგისტრაციის ვადის მარტის შუა რიცხვებამდე გადავადებას ვარაუდობს.
მინისტრის განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი უცვლელი რჩება და გამოცდები წინა წლების პრინციპით ჩატარდება.