GCCA-ის წარმომადგენლებმა UNCTAD-ის მიერ ორგანიზებულ ვებინარში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა – რამაზ რაზმაძემ და ანა რუხაძემ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის(UNCTAD) სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ორივე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ტრანსსასაზღვრო კარტელების საკითხზე, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყების მიერ მიღებული შედეგები, გამოწვევები და პრაქტიკული მაგალითები მიმოიხილეს. კერძოდ, შეხვედრაზე დეტალური მსჯელობა გაიმართა – სამხრეთ კორეის, კოლუმბიის და კენიის კონკურენციის უწყებების მიერ წარმოებული მოკვლევების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების და აღსრულების მექანიზმების შესახებ. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა, რომელსაც მოდერაციას UNCTAD-ის საერთაშორისო ექსპერტი სანგ კიმი უწევდა. შეხვედრას UNCTAD-ის წევრი ქვეყნების 60-მდე დელეგატი და აკადემიური სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
მესამე სამუშაო შეხვედრა მიმდინარე წლის ივლისში დაიგეგმა, სადაც დღის წესრიგის თანახმად, სამუშაო ჯგუფის მანდატის გაფართოების საკითხი იქნება განხილული.
GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების და დაკისრებული უფლებამოსილების მეტად ეფექტურად შესრულების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები სხვადასხვა საერთაშორისო ვებინარში აქტიურ რეჟიმში მონაწილეობენ.
