71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ანიმაციური კინოს რეჟისორის, სცენარისტისა და მხატვრის, ღვაწლმოსილი პედაგოგის, ასოცირებული პროფესორის თეიმურაზ (დათო) სიხარულიძის გარდაცვალების გამო.
თეიმურაზ (დათო) სიხარულიძის ფილმოგრაფიაშია ანიმაციური ფილმები: „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“, „ეფემერა“, „გავარდნილები“, „ჯან, ბაბაჯან!“, „ანტრაქტი“, „ცრუპენტელა აღმზრდელი“, „ღარიბები სულ ტირიან“, „არტ-ნოველა“, „სე ლა ვი“, „არ შეამოწმო უფალი ღმერთი შენი“, „ტელემანიაკები“, „ჩაკრულო“; დოკუმენტური ფილმი „იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა“, მარიონეტული სერიალი „ყოჩაღები“, სერიალი „კვაჭის თავგადასავალი“ და სასწავლო ფილმების სერიალი „საქართველოს ისტორია“.
თეიმურაზ (დათო) სიხარულიძე იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი და არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მფლობელი. 1982 წელს, „ეფემერა” საკავშირო კინოფესტივალის პრიზით, ხოლო 1984 წელს, ანიმაციური ფილმი „ჭირი“, რომლის სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი იყო თეიმურაზ (დათო) სიხარულიძე, კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.
საქართველოს კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს თეიმურაზ (დათო) სიხარულიძის ოჯახსა და ახლობლებს.“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
