22 დეკემბერი ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანთათვის
ამ დღეს წმინდა და მართალ იოაკიმესა და ანას ეუწყათ, რომ შეეძინებოდათ შვილი – ის, ვინც გახდებოდა დასაბამი კაცობრიობის სიხარულისა. შეიძლება ითქვას, ეს არის ხარება მთელი კაცობრიობისთვის, რადგან სწორედ ამ დღიდან იწყება გზა ღვთისმშობლის, უფლის დედის, ქვეყნად მოვლინებისკენ.
ამ დღით დასრულდა დაცინვა და შეურაცხყოფა, რომელსაც ღვთისმშობლის მშობლები წლების განმავლობაში განიცდიდნენ უშვილობის გამო. იოაკიმე და ანა მუდმივად იყვნენ დამცირებულნი და გაკიცხულნი ადამიანებისგან, თუმცა მათი რწმენა არასდროს განელებულა.
იოაკიმემ, როცა ტაძარში შესაწირავი არ მიიღეს, უდაბნოში განმარტოვდა და 40 დღე მკაცრ მარხვასა და ლოცვაში გაატარა. ანაც მწუხარებითა და ცრემლით ევედრებოდა უფალს. მათი ვედრება ღმერთმა შეისმინა – ანგელოზმა ორივეს აუწყა ნანატრი სიხარულის ამბავი.
მართალ ანას ეუწყა, რომ შობდებოდა ყოვლადკურთხეული ასული, რომლისგანაც ქვეყნიერებას მოევლინებოდა ხსნა და რომლის სახელიც მარიამი იქნებოდა. სიხარულით აღვსილმა მშობლებმა უფალს მადლობა შესწირეს და აღთქმა დადეს, რომ შვილს მთლიანად ღმერთს უძღვნიდნენ.
იოაკიმესა და ანას რწმენა, მოთმინება და სასოება მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის – არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი და გვწამდეს, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერია.