დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. აქ ცხოვრობდნენ პირველი ევროპელები, ზეზვა და მზია, 1.8 მილიონი წლის წინ. დმანისში გამოვლენილია ასევე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები. სოფელ ყარაბულახთან ახლოს მდებარეობს ზურტაკეთის ყორღანებიც, რომელიც თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება და უნიკალურია თავისი პეტროგლიფებით. ისტორიულ წყაროებში დმანისი პირველად VI საუკუნეში იხსენიება. სახელწოდება „დმანისი“ ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, იგივე „დბანისი“ უნდა იყოს და მისი აზრით, იგი „დაბის“ ან „დაბებისგან“ არის წარმოქმნილი. დმანისის მუნიციპალიტეტი ისტორიული რეგიონების – ზურტაკეტისა და დმანისხევის ტერიტორიებს მოიცავს. განვითარებულ შუასაუკუნეებში იგი სამეფო საკუთრებას წარმოადგენდა. დმანისი მთელ ქვემო ქართლთან ერთად ხანგრძლივი დროით იყო სხვადასხვა დამპყრობლის ბატონობის ქვეშ, თუმცა, მიუხედავად ამისა, სწრაფად ხდებოდა ეკონომიკისა და კულტურის აღორძინება და რაიონის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია შემორჩენილი. დმანისი ცალკე რაიონი 1933 წელს გახდა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს თეატრი, 21 ბიბლიოთეკა, გამოდის ადგილობრივი გაზეთი. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა. წამყვანი დარგებია მეკარტოფილეობა და მეცხოველეობა. ასევე მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი და ბოსტნეული. დმანისის რაიონი ბუნებითა და ისტორიული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. ულამაზესი გარემო, პატარა ტბები, შუასაუკუნოვანი ტაძრები და რა თქმა უნდა, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.

გეოგრაფია და კლიმატი

 

დმანისის მუნიციპალიტეტიქვემო ქართლის მხარის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დმანისი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან წალკის რაიონი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – თეთრიწყარო და ბოლნისი, დასავლეთით კი – ნინოწმინდა. დმანისის მუნიციპალიტეტი მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ქ. დმანისი, ამამლო, განთიადი, გომარეთი, გუგუთი, დიდი დმანისი, დმანისის თემი, ირგანჩაი, იფნარი, კამარლო, ყარაბულაღი, ყიზილქილისა, მაშავერა, ოროზმანი, საკირე, სარკინეთი. რაიონის დასავლეთ ნაწილში ჯავახეთის ვულკანური ქედი მდებარეობს, სამხრეთით ლოქის ქედია განფენილი, კვირიკეთისა და შინდლარის მთიან მასივებს შორის გომარეთის პლატოა მოქცეული. მდინარე მაშავრის ზემო დინების აუზში კი დმანისის პლატო მდებარეობს, რომელიც შინდლარის მასივით, ლოქის ქედითა და ჯავახეთის ქედის კალთებითაა შემოფარგლული. მუნიციპალიტეტს ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი ახასიათებს. რაიონის მთავარი მდინარეა მაშავერა. დმანისის ტერიტორიაზე გვხვდება ტბებიც (კაინეგოლის ტბა, კარაგოლის ტბა, ჭოჭიანის ტბა, ჭამლიგოლის ტბა, იალაგოლის ტბა, პანტიანის ტბა და ა.შ). მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. რაიონის ტყეებში გვხვდება: აღმოსავლური წიფელი, მუხა, ფიჭვი, ნეკერჩხალი, ცირცელი, წიფელი, კლდის ქსეროფიტები და მრავალი სხვა. აქ ბინადრობენ: მგელი, მელა, ტყის კატა, კურდღელი, შველი, მურა დათვი, გარეული ღორი, გნოლი, კაკაბი, ტყის ქათამი, ხოხობი და ა.შ.
დმანისის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ხანგრძლივი, ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურა დასავლეთ ნაწილში 3°C, აღმოსავლეთ ნაწილში კი – 12°C. იანვრის საშუალო ტემპემპერატურა –10°C-დან –2°Cმდეა, ივლისისა კი – 13°C-დან 23°C-მდე.

რა ვნახოთ

დმანისის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ტბები, ტყეები, გაშლილი სივრცეები და ლამაზი მინდვრები შესანიშნავია პიკნიკისა და ბუნებაში განტვირთვისთვის. გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა დმანისში მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტრული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ. განსაკუთრებულად გამორჩეულია დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი,რომელიც სოფელ პატარა დმანისში მდებარეობს. მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. ის მსოფლიომ გაიცნო, მას შემდეგ რაც არქეოლოგებმა გათხრებისას 1,8 მილიონი წლის ადამიანის ძვლების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სწორედ დმანისელი ადამიანია პირველი ევროპელი. შუა საუკუნეების ნაქალაქარი მოიცავს შიდა ციხეს, ქალაქის საერო და საკულტო ნაგებობებს, საიდუმლო გვირაბსა და გარეუბნის ნაგებობებს. აღსანიშნავია VI საუკუნით დათარიღებული დმანისის სიონი, რომელსაც XIII ს-ის ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭე აქვს. დმანისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო, ის სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა. IX საუკუნეში დმანისს არაბები ფლობდნენ, XI საუკუნის 80-იანი წლებიდან კი ის სელჩუკთა ხელშია. 1223 წელს ქალაქი დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა. მომდევნო პერიოდში მცირე ხნით ის კვლავ მტრის ხელში იყო. 1125 წელს დმანისი დემეტრე I-მა აიღო და ამიერიდან იგი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. ქალაქი განსაკუთრებით XII-XIII საუკუნეებში დაწინაურდა. ამ პერიოდში განვითარდა ვაჭრობა და ხელოსნობა, აქ გადიოდა წინა აზიისკენ მიმავალი საქარავნო გზა. ქალაქში მოქმედებდა ზარაფხანა, ეწეოდნენ მეღვინეობას, ზეთისა და ქსოვილების წარმოებას, ამზადებდნენ კერამიკულ მოჭიქულ ჭურჭელს. XIV საუკუნის ბოლოდან დმანისი სხვადასხვა დამპყრობლის ხელში იყო, XVIII საუკუნეში კი საბოლოოდ ნაქალაქარად იქცა. დმანისის ნაქალაქარი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლია. მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა და აქ 2345 ექსპონატია დაცული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading