პირს, რომელმაც მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

➡️ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

➡️ სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

➡️ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading