15 წელი ვანკუვერის ტრაგედიიდან
15 წელი გავიდა ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის XXI ოლიმპიურ თამაშეზე მომხდარი დიდი ტრაგედიიდან. ეს თამაშები საქართველოსთვის ტრაგიკულად დაიწყო, რამაც შეძრა მთელი მსოფლიო. თამაშების გახსნის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 თებერვალს უისტლერის საციგაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ფატალურ შემთხვევას ემსხვერპლა. ნოდარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და დიდი პერსპექტივის სპორტსმენი იყო.
დღეს ბაკურიანში ნოდარის საფლავი მოინახულეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელმა, ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა, სეოკ-ის, ბაკურიანი 2025-ის სხვა ხელმძღვანელებმა, სასულიერო პირებმა და მედიის წარმოიმადგენლებმა. ისინი გაესაუბრნენ ნოდარის ოჯახის წევრებს და ახლობლებს, დაათვალიერეს მემორიალური მუზეუმი.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა განაცხადა ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდოების დაწესების შესახებ, რომლებიც გადაეცემათ ფესტივალის საუკეთესო გოგონა და ვაჟ სპორტსმენებს ბაკურიანში, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე.
ჯილდოებისთვის ქუმარიტაშვილის სახელის დარქმევის გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ბაკურიანი 2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად მიიღო.
ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელის უკვდავსაყოფად და მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად საქართველო და საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა მუდამ ერთსულოვანი იქნება.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee




