14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება და იგი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის ნიშნად დაწესდა. სწორედ ამ დღეს თბილისში გაიმართა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენისთვის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობას მოჰყვა.
1978 წლის 14 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ დაახლოებით 15 000 ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რის შედეგადაც აქციამ მასობრივი სახე მიიღო და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა.


მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც ხელისუფლებამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვეტილება შეცვალა. საბოლოოდ, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი შენარჩუნდა, ხოლო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.