12 მაისს საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედობის დღე აღინიშნება
ღვთისმშობლის წილხვედრობის დღის დაწესების ინიციატივა პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის და 2019 წლიდან აღინიშნება.
გადმოცემის თანახმად, როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, თუ ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, საქართველო ღვთისმშობელ მარიამს შეხვდა, მაგრამ უფალმა აუწყა ღვთისმშობელს, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება და აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად კი ქრისტეს რჯული საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა.
მართალია, საქართველოში ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, თუმცა ითვლება, რომ ანდრია მოციქული ღვთისმშობლის დავალებას ასრულებდა. შესაბამისად, ითვლება, რომ საქართველოს საპატრიარქო ტახტი დედაღვთისას დადგენილია ანდრია პირველწოდებულის ხელით ანუ საქართველოს ეკლესია ღვთისმშობლის მიერაა შექმნილი.
საეკლესიო ცნობების მიხედვით, ყოვლადწმიდა ქალწულმა ფიცარი მოითხოვა, დაიბანა პირი და სახესთან ფიცარი მიიტანა, სადაც მალევე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ხელთუქმნელი ხატი ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და თავის წილხვედრ ქვეყანაში გამოაგზავნა.
