მარნეულის კულტურის ცენტრი საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მარნეულის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დაწყება ვერ მოხერხდა.
ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საზოგადოების მხრიდან საქმიანობის განახლების შესახებ არაერთი შეტყობინება და სატელეფონო ზარი შევიდა. ცენტრი მზად არის, სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი უმოკლეს ვადაში განაახლოს, თუმცა ამისთვის აუცილებელია შესაბამისი ალტერნატიული ფართის უზრუნველყოფა.
,,კულტურის ცენტრის საქმიანობის განახლებასთან დაკავშირებით
კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე წელს სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში დაწყება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ბოლო პერიოდში ცენტრში არაერთი შეტყობინება და სატელეფონო ზარი შემოდის. საზოგადოების მხრიდან არსებული დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
კულტურის ცენტრი მზად არის, საქმიანობა უმოკლეს ვადაში განაახლოს. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის შესაბამისი ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა, სადაც შესაძლებელი იქნება სასწავლო და შემოქმედებითი პროცესის სათანადო პირობებში გაგრძელება.
როგორც კი ფართით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდება, კულტურის ცენტრი მზად იქნება, სასწავლო პროცესი მაქსიმალურად სწრაფად განაახლოს.
ამ ეტაპზე საქმიანობის განახლება სწორედ შესაბამისი ფართის მოძიებასა და უზრუნველყოფას უკავშირდება, საკითხი კი კულტურის ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში არ წყდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი სახელოვნებო განათლება და შემოქმედებითი საქმიანობა შესაბამის, უსაფრთხო და პროფესიულ გარემოში გააგრძელონ.
გვესმის ის მოლოდინი და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი მოსწავლეების, მშობლებისა და საზოგადოების წინაშე გვაქვს.სწორედ ამიტომ საქმიანობის განახლების საკითხი ჩვენთვის ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მადლობას ვუხდით ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც ინტერესდება და გველოდება.”-ნათქვამია განცხადებაში.
მარნეულის კულტურის ცენტრი მადლობას უხდის მოსწავლეებს და მშობლებს მხარდაჭერისთვის.