საქართველომ და გაერო-მ 2026-2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 2026-2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა დიდიე ტღებიუკმა მოახდევინეს.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაეროს 30-წლიანი პარტნიორობა მნიშვნელოვნად დაეხმარა ქვეყანას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში, კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და მშვიდობის მშენებლობაში:
„ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე არა მხოლოდ დახმარების მიმღებია, არამედ სანდო პარტნიორი და მაგალითის მიმცემი. ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა თანმიმდევრული რეფორმებით და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით,“ – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ეკონომიკურ პროგრესზეც ისაუბრა, მათ შორის ქვეყნის მთავრობის ხედვაზე, რომელიც მდგრად ზრდასა და სიღარიბის შემცირებას, ასევე საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნის მიზანს მოიცავს.
მისი თქმით, მშვიდობიანი და პროგნოზირებადი გარემო არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი საფუძველი.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გაერო-ს გუნდს თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულების მიმართულებები სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტებს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ახალი ჩარჩო-დოკუმენტის განხორციელების შედეგი 2030 წლისთვის უნდა იყოს მზარდი ეკონომიკა, გაუმჯობესებული განათლება, ჯანდაცვა, სოციალური სერვისები, მეტი დეცენტრალიზაცია და მშვიდობიანი გარემო.

გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა დღეს საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოა, რომელიც აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, პროგრესს სიღარიბის შემცირებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირების უზრუნველყოფაში.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და გაეროს გუნდის წარმომადგენლები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading