წალკასა და დაშბაშში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ეწყობა

ქალაქ წალკასა და სოფელ დაშბაშის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგებით დაახლოებით 3200 ბენეფიციარი ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
- დაშბაშისა და ნარდევანის წყლის სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია,
- 24 კმ-მდე მაგისტრალური მილის,
- 37 კმ-მდე გამანაწილებელი ქსელის,
- სატუმბი სადგურის,
- რეზერვუარების,
- 1200-მდე აღრიცხვის კვანძის მოწყობა,
- ასევე, SCADA-ს სისტემის – მეთვალყურეობის, მართვისა და მონაცემთა გადაცემის მექანიზმის – დანერგვა.
უკვე შესრულებულია:

- 7,13 კმ მაგისტრალური მილის,
- 17 კმ გამანაწილებელი ქსელის მოწყობა,
- 357 აღრიცხვის კვანძის მონტაჟი,
- მიმდინარეობს წალკისა და დაშბაშის რეზერვუარების მშენებლობა.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი 20 მილიონ ლარზე მეტი თანხით აფინანსებს. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად 2025-2026 წლებშია დაგეგმილი.