ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიური შეხვედრა გაიმართა
„შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება. დერეფნის მზარდი მნიშვნელობა მის სტრატეგიულ მდებარეობაშია, რომელიც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების უფრო სწრაფი ალტერნატივა ხდება და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას აძლიერებს. ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მუდმივი ინვესტირებით დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
წლიური შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით ფილიპინების ქალაქ მანილაში მიმდინარეობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა გადაზიდვების მოცულობის მნიშვნელოვან ზრდაში უკვე აისახა – 2024 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და საქართველოს შორის კონტეინერებით გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ 12,678 TEU-ს მიაღწია.
გენადი არველაძემ პანელური სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ძირითადი პროექტები, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებაზე, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და სხვ. მან ასევე ისაუბრა რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა საქართველოში საგზაო და სარკინიგზო უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად.
CAREC-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია CAREC-ის სტრატეგია 2030-ის განხორციელების პროგრესის განხილვა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო




