შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი სამსახურებრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ბათუმის ბულვარში უკანონო მფარველობა გაუწია მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს სამართალდამცველებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, 2002 წელს დაბადებული ა.მ., ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქისგან თანხა მიიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.