შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ბრალდებული, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ., წარსულში ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ მან სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაზიანებების შედეგად ლ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.