შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან თელავსა და სიღნაღში გამართეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით თელავისა და სიღნაღის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოცდო პროცედურებს, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ გამოსაცდელებმა როგორც გამოცდებამდე, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით მარტის თვიდან იმართება. პირისპირ შეხვედრების პარალელურად, ცენტრი ყოველწლიურად ატარებს ასევე აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმშიც. ონლაინ ღია კარის დღეები Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ტარდება და მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ რეჟიმში შემდეგი შეხვედრა 8 აპრილს ჩატარდება და აბიტურიენტების კითხვებს ამჯერად ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წარმომადგენელი უპასუხებს.
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი




