,,ქუთაისი-ლიონის ახალი პირდაპირი ავიამიმოსვლა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის”-მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ავიაკომპანია „ვიზეარს”, რომელიც დღეს ქუთაისიდან 14 ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური ავიამიმოსვლა პოლონეთთან, საიდანაც დიდი მოცულობის ტურისტული ნაკადები შემოდის, ასევე წელს ხაზგასასმელია ავიამიმოსვლა მადრიდთან, ჰამბურგთან და ცალკე აღსანიშნია პირდაპირი ფრენები ლიონთან, რომელიც სრულიად ახალი მარშრუტია“ – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანია „ვიზიარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე ავიაკომპანიის მხრიდან აღინიშნა, რომ „ვიზიარის“ საქართველოში ოპერირება არის ძალიან წარმატებული. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ავიაკომპანიის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან ის საკმაოდ დიდი მოცულობით, 24 მიმართულებით ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში – აქედან უმეტესი წილი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, რაც დადებითად ისახება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სტრუქტურის გაძლიერებაზე.
„ავიაკომპანიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ დადებითი შეფასებები, რომლებიც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მდგრადობას. განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაფარვა და გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა სტრატეგიულად სამიზნე ქვეყნებთან, რაც, პირველ რიგში, უზრუნველყოფს იმერეთის, როგორც ტურისტული მიმართულების გაძლიერებას“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
Wizz Air-ი საქართველოში უკვე 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს.



