ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) საერთაშორისო იურიდიულ-საკონსულტაციო კომპანია Andersen Georgia-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა
ვიზიტის ფარგლებში KIU-სა და Andersen Georgia-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ და კომპანია Andersen Georgia-ს დირექტორმა გიორგი სვანაძემ.
მემორანდუმის მიხედვით, KIU-ს სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ და საკონსულტაციო კომპანიაში. გარდა ამისა, მხარეები ითანამშრომლებენ KIU-ს ახალი საბაკალავრო პროგრამის „სამართალმცოდნეობა“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, Andersen Georgia-ს ორგანიზებით, KIU-ში გაიმართა გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ წარადგინა მოხსენება უნივერსიტეტის საქმიანობის, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
Andersen Georgia-ს წარმომადგენლებმა კი გამართეს პრეზენტაცია ქუთაისში, ახლად გახსნილი ოფისის გეგმებისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ; ყველა დაინტერესებული პირისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომელიც შრომით და საგადასახადო საკითხებს დაეთმო.
KIU-ს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.




