ქუვეითის სახელმწიფოში, საქართველოს საეჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება გაიმართა
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე, საქართველო-ქუვეითის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალსა და პერსპექტივებზე.
საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ქუვეითის ემირის, შეიხ მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰის როლს საქართველო-ქუვეითის ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის შეტანის თვალსაზრისით.
საზეიმო ღონისძიებაში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ქუვეითის სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამეფო ოჯახის წევრმა, შეიხმა, დოქტორ აბდულა მიშალ ალ-საბაჰმა და ევროპულ საკითხებში ქუვეითის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ (Assistant Foreign Minister for Europe), ელჩმა, სადიქ მარაფიმ, ასევე ქუვეითის სამეფო ოჯახის წევრებმა, შეიხა სალომე ალ-საბაჰმა და შეიხა ნოურა ალ-საბაჰმა.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული კომპოზიციები წარმოდგინა ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი”.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ქუვეითის სახელმწიფოს მმართველი ოჯახისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ქუვეითში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილსამყოფელი ქვეყნის ბიზნეს წრეებისა და მასმედიის, ასევე ქუვეითში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.




