ქვემო ქართლში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 6 564 კუბური მეტრი ბაზალტის ქვა. მოპოვებისას ასევე მოჭრა 7 ძირი მუხის ხე, ხოლო 3 ათას კუბურ მეტრზე მეტი გამოუსადეგარი ქვა მიწის ნაყოფიერ ფენაზე დაყარა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა დაახლოებით 60 ათასი ლარია.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შესაბამის უწყებაში გადაგზავნილია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიანი პატრულირებით უზრუნველყოფს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციასა და გამოვლენას, ასევე რეაგირებს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.