ქართული კომპანიები Alibaba.com-ზე – გლობალურ ბაზარზე გასვლის ახალი შესაძლებლობა 🌍
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიების რეგისტრაცია ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმა Alibaba.com-ზე იწყება.
მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პლატფორმაზე 50-მდე კომპანია განთავსდება. სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier სტატუსით – ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის მყიდველების ნდობას და ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას.
ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ Alibaba.com-ზე განთავსება ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.
კომპანიების შერჩევა ორი ეტაპით განხორციელდება:
- პირველ ეტაპზე სააგენტოს პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების მანძილზე ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიები შერჩეულია.
- მეორე ეტაპზე, Alibaba.com-ის გუნდის მიერ წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შემდგომ, სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიები გადამზადდებიან და დაიწყება მათი პლატფორმაზე განთავსება.
უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც პლატფორმის წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას ადგილზე გაეცნობიან.
Alibaba.com 1999 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიოს 200 ქვეყანაში მყიდველებსა და მომწოდებლებს ემსახურება. პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლასა და მყიდველებს – პროდუქციის აღმოჩენა, მომწოდებლების მოძიება და შეკვეთების ეფექტურად განთავსება.