ქართული ენა ბაკალავრიატში ბრუნდება — ახალი სპეციალური კურსი სტუდენტებისთვის
ქართული ენის სწავლება უნივერსიტეტებში ბაკალავრიატის საფეხურზე სავალდებულო ხდება — ამ საკითხზე იმსჯელა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კომისიამ, რომლის პირველი სხდომაც მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
კომისიის წევრებმა განიხილეს სახელმწიფო ენის სწავლების სპეციალური კურსის შინაარსი, ხანგრძლივობა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები. ახალი წესების მიხედვით, 2025-2026 სასწავლო წლიდან სტუდენტებისთვის ქართული ენის სპეციალური კურსი საბაკალავრო საფეხურზე სავალდებულო გახდება.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ინიციატივა ასევე გავრცელდება აფხაზურ ენაზე, საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შემდეგ, რითაც სახელმწიფოს მზადყოფნა კიდევ ერთხელ ხაზგასმით სვამს კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.
„საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების დაბრუნებას უკავშირდება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა.
მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვედით აქამდე და ახლა ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ბუნებრივ წიაღში – საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები ასევე გავრცელდება აფხაზურ ენაზე, რადგან კონსტიტუციით და მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, აფხაზური სახელმწიფო ენად არის აღიარებული.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს პოლიტიკურ ხედვაზე – გაუფრთხილდეს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს აფხაზური ენის გაძლიერებას. ჩვენ, უნივერსიტეტებთან ერთად, აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მოხდეს ქართული ენის, როგორც საგნის ინტეგრირება სასწავლო პროცესში საბაკალავრო დონეზე და უზრუნველყოფილი იყოს მისი უმაღლესი სტანდარტით სწავლება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომისია უნივერსიტეტებს კურსის სწავლების წესს აგვისტოს ბოლომდე წარუდგენს.



