ქარელის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი — 1975 წელს დაბადებული ზ.ი.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა განახორციელა და მიმალვა სცადა. სროლის შედეგად შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ზ.ნ. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.