ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია, მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესში სრულად არიან ჩართული როგორც შემსრულებელი, ასევე ზედამხედველი კომპანიები, რათა პროექტი დადგენილ ვადებში და მაღალი ხარისხით დასრულდეს.
ამ ეტაპზე დასრულებულია წყალმომარაგების ქსელის ძირითადი ნაწილი და განხორციელებულია ახალი მიერთებები. წყალარინების მიმართულებით სამუშაოები კვლავ აქტიურ ფაზაშია. დარჩენილი ძირითადი სამუშაოები რუსთაველის ქუჩაზე გადაერთებების მოწყობას უკავშირდება, რომლის დასრულების შემდეგაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა სრულად ამოქმედდება.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შედეგად მარნეულის მოსახლეობა გაუმჯობესებულ წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას მიიღებს.