ქალაქ მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან, პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან, მერ კენან ომაროვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად დაათვალიერა
ქალაქ მარნეულში და სოფლებში – წერეთელსა და შულავერში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღები შენდება.
სამივე საბავშვო ბაღში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები და ეზოები. ახალი ბაღები ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. მშენებლობის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 10.4 მილიონ ლარს აღემატება.
,,საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, უკვე დასრულებულია 4 ბაღის მშენებლობა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტს ახორციელებს.
ქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგურები და ახალი წყლის რეზერვუარები. პროექტი ასევე მოიცავს წყალარინების ქსელისა და კოლექტორის სამშენებლო სამუშაოებს.
2024 წლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებაზე ეტაპობრივი გადართვა.
სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 3 სოფლის მცხოვრებლები 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემით, ხოლო ქალაქი მარნეული, დამატებით, წყალარინების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.
ასევე, შენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.
პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში, 25 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს წყალმომარაგება-წყალარინების გაუმჯობესებული მომსახურებით.




