ფოლად ომაროვი მარნეულის ბაზარში მომხდარ მკვლელობის საქმესთან კავშირს უარყოფს

მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე 27 წლის საჰიბ ბაირამოვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს კრიმინალური ავტორიტეტი ფოლად ომაროვი, ე.წ. „ფოლად დმანისკი“.

Aktual.ge-ის ინფორმაციით, ფოლად ომაროვის მიმართვას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ელმარ ჰასანლი ავრცელებს. მისივე განცხადებით, როგორც კი შეკვეთილი მკვლელობის საქმეში ფოლად ომაროვის სახელი გაჟღერდა, მან ომაროვის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად აშშ-ში იმყოფება, და სთხოვა მომხდართან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფოლად ომაროვი ამჟამად აშშ-ში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. განცხადებაში იგი კატეგორიულად უარყოფს მარნეულში მომხდარ დანაშაულთან რაიმე სახის კავშირს.

„მომხდარი შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ღმერთმა აცხონოს, ხოლო მის ოჯახსა და ახლობლებს მოთმინებას ვუსურვებ. ამჟამად აშშ-ში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიხდი სასჯელს. არავისთან პირადი მტრობა არ მაქვს. ჩემი სახელის ამ საქმეში მოხსენიებას კატეგორიულად ვგმობ და ვუწოდებ უსამართლობას. ამ განცხადებას ვაკეთებ ჩემი თანამემამულეებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე. ბორჩალოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ჩემთვის ძალიან ძვირფასნი არიან, რადგან ეს ქვეყანა ჩემი სამშობლოა. სასჯელის დასრულების შემდეგ ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში დაბრუნება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში, ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ორი ადამიანიდან ერთი – 27 წლის საჰიბ ბაირამოვი – საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 2002 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავა.

ცნობისთვის, ბაირამოვების ოჯახი საჯაროდ საუბრობდა შესაძლო შეკვეთილ მკვლელობაზე, ბიზნესრეკეტსა და სავარაუდო მფარველობაზე. ოჯახის განცხადებით, ტრაგედიას წინ უძღოდა სისტემური მუქარა და დაშინება – მათივე ინფორმაციით, უცნობი პირები თავს „კანონიერი ქურდების“ სახელით აცნობდნენ და ოქროთი ვაჭრობის ბიზნესში წილის დათმობას ითხოვდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading