ფილარმონიის სრული რეაბილიტაციის პროექტირება იწყება – მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის – ფილარმონიის შენობა სრული რეაბილიტაციისთვის ემზადება. შესაბამისი დეტალური პროექტირებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
👉 მიზანი – შენობის სრული განახლება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ისტორიული არქიტექტურის შენარჩუნება.
რას მოიცავს პროექტი?
სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:
- შენობის არქიტექტურული კვლევა, ესკიზური და დეტალური პროექტირება;
- სცენის კონსტრუქციების ექსპერტიზა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაცია;
- არსებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ენერგოეფექტური სისტემებით ჩანაცვლება;
- გეგმარების შეცვლა თანამედროვე მოთხოვნებთან შესაფერისად;
- არტისტების ოთახების განახლება, ლიფტების მოდერნიზაცია, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა;
- შენობის სრული ადაპტაცია შშმ პირებისთვის;
- ფასადის, სახურავისა და სხვენის კონსტრუქციული გამაგრება და რესტავრაცია;
- აკუსტიკური სისტემების განახლება და დარბაზის ფუნქციური გაუმჯობესება;
- დეკორაციების ოთახისა და ტექნიკური სივრცეების მოდერნიზაცია;
- წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების განახლება.
რეაბილიტაციის შემდეგ, ფილარმონია გახდება მრავალფუნქციური კულტურული სივრცე, რომელიც მასპინძლობას გაუწევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბურ ღონისძიებებს.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმართავს პროფესიონალ არქიტექტორებს, ინჟინრებსა და პროექტირების ორგანიზაციებს – ჩაერთონ კონკურსში და თავიანთი გამოცდილებით წვლილი შეიტანონ თბილისის ერთ-ერთი მთავარი კულტურული სიმბოლოს აღდგენაში.