ბათუმში თაღლითობის სქემა – უცხო ქვეყნის მოქალაქე 70 000 დოლარით დააზარალეს
საქართველოს პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მშენებლობის სახელით მოტყუებით დააზარალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორმა დაზარალებულს დაპირდა, რომ ბათუმში მდებარე მშენებარე ობიექტზე არსებული ტერასა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გადასცემოდა. პირობა ასევე მოიცავდა, რომ ფართი საცხოვრებელ ბინად გადაკეთდებოდა.
თუმცა, გაირკვა, რომ ქონება არც კი ეკუთვნოდა იმ სამშენებლო კომპანიას, რომლის სახელითაც მოქმედებდა ბრალდებული – ფართი სხვა, მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, სქემის სანდოობის გასაზრდელად, ბრალდებულმა დაზარალებულთან ხელშეკრულება გააფორმა და დოკუმენტი საჯარო რეესტრში წარადგინა.
ამ გზით მან უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნა, რომ ბინა რამდენიმე დღეში მის საკუთრებაში გადაეცემოდა, რის საფუძველზეც მიიღო 70 000 აშშ დოლარი.
📆 ბრალდებული 23 სექტემბერს დააკავეს.
⚖ მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით – რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
🟠 საქართველოს პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.