რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში ხელოვნური ინტელექტის ახალი კურსი გაიხსნა

რუსთავის ციფრული განვითარების სივრცეში ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით ახალი სასწავლო კურსი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს თანამედროვე ციფრული უნარების შეძენასა და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.

პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს შეხვდნენ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავის ციფრული განვითარების სივრცე ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობებს აძლევს და მისი განვითარება ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

კურსი წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, განვითარების ეტაპებსა და ძირითადი მიმართულებების შესწავლას. ახალგაზრდები გაეცნობიან AI მოდელების აგების ტექნიკებს და პრაქტიკულად იმუშავებენ რუსთავის მუნიციპალიტეტის სერვისების ციფრულ ტრანსფორმაციაზე.

პროგრამის პირველ ეტაპზე მონაწილეობას 35 ახალგაზრდა მიიღებს. მონაწილეები შერჩეულნი არიან რეგისტრაციისა და სამოტივაციო გასაუბრებების საფუძველზე.

ციფრული განვითარების მუნიციპალური სივრცე რუსთავში 2025 წლის ივლისში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიხსნა. ახალი სივრცე აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

  • მუნიციპალური სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია
  • სმარტ ქალაქის კონცეფცია
  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • საერთო სამუშაო სივრცეები

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ციფრული განათლებისა და უნარების განვითარება, რაც მათ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading