სურსათის ეროვნული სააგენტო: ატმის შეღებვის ფაქტზე ნიმუშები აიღეს და საქმე სამართალდამცავებს გადაეცა
სოციალურ ქსელებში ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. უწყების ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ თავად ფერმერმა ატვირთა, სადაც ის მწიფე იერის მისაცემად ატამს საღებავს ასხამს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრების ავტორი ირწმუნება, რომ აღნიშნული ვიდეო მხოლოდ სოციალური ქსელისთვის გადაიღო და შეღებილი ხილის რეალიზაცია არ მომხდარა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომხდარზე ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, გურჯაანის პოლიციამ ვიდეოში მონაწილე პირები უკვე გამოკითხა. მათი განცხადებით, ატამი რეალიზებული არ ყოფილა და ვიდეო მხოლოდ ინტერნეტში გასავრცელებლად გადაიღეს.
“მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, აიღო ნიმუში, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ,” – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, გიორგი მესხიშვილი.
სოფელ ჩუმლაყში მდებარე სახლის ტერიტორია, სადაც ხილის დასაწყობი სამუშაოები მიმდინარეობდა, შესაბამისი ორგანოების მიერ უკვე დალუქულია.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უწყება უვნებელი სურსათის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო ზომას იღებს და საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

“დავასხით პულივიზატორი. საბოლოო ჯამში, ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე. მომყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელია ამ სფეროში ვარ”-აცხადებს ვიდეოს ავტორი, გიორგი უტიაშვილი.