საქართველოს 16-წლამდელთა წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს
სტამბოლში მიმდინარე 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები. ქართველმა სპორტსმენებმა ჯგუფური ეტაპის სამიდან ორი შეხვედრა მოიგეს, რაც ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადასვლის საშუალებას აძლევთ.
პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მალტას გუნდი ანგარიშით 11:8 დაამარცხა, მეორე მატჩში მოლდოვის ნაკრებზე მოიპოვა გამარჯვება – 17:11, ხოლო მესამე შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებთან 8:16 დამარცხდა. შედეგად, ქართველმა წყალბურთელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები კონტინენტის პირველობაზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.