სპორტის მინისტრმა კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნულ ნაკრებს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრების წევრებს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შეხვდა და საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ევროპის ჩემპიონატებზე და პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებზე ღირსეული ასპარეზობისთვის და აღნიშნა, რომ მათი მიღწევები წარმოადგენს ქართული სპორტის განვითარებისა და პროგრესის მნიშვნელოვან მაგალითს.
🔹 პლოვდივი, ბულგარეთი — ევროპის ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში:
გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა ორადგილიანი გასაშლელი ნავით 2000 მეტრი 6:59.12 წუთში დაფარეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს — ეს იყო საქართველოს პირველი მედალი აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში.
🔹 ბასკოვი, რუმინეთი — ევროპის ჩემპიონატი კანოეში (იუნიორები და 23 წლამდე):
ალექსანდრე წივწივაძემ 500 მეტრიანი დისტანცია 1:50.915 წამში გაიარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, 200 მეტრზე კი 40.803 წამში დაფარული დისტანციით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
🔹 ბრატისლავა, სლოვაკეთი — საერთაშორისო შეჯიბრება კანოე-კაიაკში:
საქართველოს ნაკრებმა სხვადასხვა კატეგორიასა და დისტანციაში ჯამში 11 მედალი მოიპოვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ და ფედერაციის წარმომადგენლებმა.
ქართველი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობდნენ საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას სპორტის განვითარების პროცესში.
