სპორტის მინისტრი საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრებს – ნიკა ეგაძეს, ლუკა ბერულავას, დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს – შეხვდა და მათ 2024-2025 წლის სპორტული სეზონის წარმატებით დასრულება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის” საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც საქართველო პირველად უმასპინძლებს. ტურნირი მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს თბილისის ახლად აშენებულ ყინულის არენაზე გაიმართება.
2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ორი მედალი მოიპოვა: საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიგო; ხოლო სპორტული წყვილების პროგრამაში ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ქართული ფიგურული სრიალის ისტორიაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა პირველი სპორტული წყვილია, რომელმაც ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო; ვერცხლის მედალი მათ შარშან მოიპოვეს. სპორტულმა წყვილმა წელს იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ლუკა და ანასტასია თებერვალში გამართული „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულებიც არიან.
ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ბათუმში 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩემპიონობა იზეიმა. ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა. „ბაკურიანი 2025“-ისთვის თბილისსა და ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ყინულის არენა აშენდა.
ბოსტონში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის ოლიმპიადის ექვსი ლიცენზია მოიპოვა – მამაკაცთა კატეგორიაში, სპორტულ წყვილებსა და სპორტულ ცეკვებში.




