სპორტის მინისტრი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ნეჩმედინ ბილალ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი თურქეთის ქალაქ სტამბულში საერთაშორისო ეთნოსპორტის მეშვიდე ფესტივალზე იმყოფება. ფესტივალის ფარგლებში შალვა გოგოლაძე ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტ ნეჩმედინ ბილალ ერდოღანს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ეთნოსპორტის განვითარებას. ასევე იმსჯელეს შესაძლო საერთო პროექტებზე, რაზეც ორივე მხარემ მზაობა გამოთქვა.
სტამბულში მეშვიდედ ტარდება ეთნოსპორტის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც წელს 20 ქვეყნის 1000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ქართველი ცხენოსნებიც მიიღებენ, რომლებიც 23 მაისს ქართულ ტრადიციულ სახეობებს – ცხენბურთსა და ისინდს – წარმოადგენენ.
ფესტივალის მიზანია ტრადიციული სპორტისა და თამაშების დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა.

