სპორტის მინისტრი ლეგენდარულ იაპონელ ძიუდოისტ შოჰეი ონოს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ორგზის ოლიმპიურ და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონს, იაპონელ ძიუდოისტ შოჰეი ონოს, შეხვდა. მინისტრმა ლეგენდარულ სპორტსმენს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ძიუდოს განვითარებისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.
ლეგენდარულმა სპორტსმენმა მოაწერა ხელი კიმონოს, რომელიც სპორტის მუზეუმს გადაეცემა. შეხვედრას ესწრებოდა ცნობილი ქართველი ვეტერანი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და სამგზის ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი.
შეხვედრის შემდეგ შალვა გოგოლაძე და შოჰეი ონო თბილისის „გრანდ სლემის“ მეორე დღის ასპარეზობებს დაესწრნენ.
24 მარტს რუსთავის სპორტის სასახლეში შოჰეი ონო მასტერკლასს გამართავს. მასტერკლასი უფასოა და დასწრება საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელ სპორტსმენებს შეუძლიათ.




