კალანდა გურიაში – ძველით ახალი წლის ტრადიცია


კალანდა და გურული ტრადიციები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. გურიაში კალანდა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც ახალი წლის დასაწყისსა და ახალი ციკლის დაწყებას უკავშირდება. ის აერთიანებს ძველ წარმართულ ელემენტებსა და ქრისტიანულ სიმბოლიზმს და გურულებისთვის ბარაქის, სიხარულისა და ოჯახური ერთიანობის სიმბოლოა.

კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი – სიცოცხლისა და განახლების ნიშანი, რომელიც ხილით, თაფლითა და ჩურჩხელებით იმკობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეკვლეს, რომელიც ოჯახში წარმატებასა და კეთილდღეობას შეაქვს. ტრადიციული სუფრა გურული ღვეზელით, გოზინაყითა და ხორცით დღესასწაულს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

გურიაში კალანდა არა მხოლოდ ახალი წლის აღნიშვნაა, არამედ ოჯახის, თემისა და ბუნებასთან კავშირის გამტკიცების დღე. სწორედ ამ ერთიანობამ და მრავალსაუკუნოვანმა სიმბოლიკამ აქცია კალანდა გურული იდენტობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ტრადიციად.

კალანდა სწორედ მისი ხსენების დღეს, 14 იანვარს ემთხვევა.  გურულები წმინდა ბასილის პატივსაცემად ჩიჩილაკს რთავენ.

ტრადიციული, გურული ოჯახი კალანდისათვის მზადებას 13 იანვარს იწყებდა. კალანდის წინა დღეს ცხემლისჭრა ეწოდებოდა. ამ დღეს ოჯახის წევრი მამაკაცი ტყეში მოჭრიდა ცხემლის ხეს და დაამზადებდა შეშას.  ცხემლისჭრის დღისთვის ვახშმად ამზადებდნენ ინდაურის ხორცისგან საცივს,  ხარშავდნენ კარგად გასუქებული ღორის თავს.  საგანგებოდ აცხობდნენ გურულ ღვეზელს და ტკბილ ნაზუქებს.  ბებიები და დედები ამ დღისათვის სპეციალურად შენახულ ჩურჩხელებსა და ტკბილ კვერებს ბავშვებს ურიგებდნენ .  საღამოს ანთებდნენ თაფლის სანთლებს და შეუდგებოდნენ ვახშამს.

ღვინის სმის დროს ამბობდნენ: „მრავალ ცხემლისჭრა დღეს დაგვასწროს ღმერთმაო“.

 ცხემლისჭრა დღეს უნდა მოემზადებინათ ჩიჩილაკიც. ამ დღეს ტყეში მოძებნიდნენ თხილის სწორ ხეს, ამოარჩევდნენ მისგან საჩიჩილაკე ღეროს და თლიდნენ. გამზადებულ ჩიჩილაკს სუროს ფოთლებით, ჩურჩხელებითა და ტკბილეულით რთავდნენ. კალანდის ღამით დაწყებულ დროსტარებას გურულები მეორე დღესაც აგრძელებდნენ.  მიუხედავად ბევრი ცვლილებისა, გურულებმა მაინც შეძლეს კალანდის ლამაზი ტრადიციის შენარჩუნება. გურიაში ახალი წელი დღესაც 14 იანვარს დგება…

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading