სპორტის მინისტრი თბილისის „ჩელენჯერის“ ფინალს დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე თბილისის „ჩელენჯერის“ ფინალს დაესწრო. ფინალში ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ იტალიელი ფედერიკო ცინა ორ სეტში 7:6, 6:4 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
საბა ფურცელაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც თბილისის „ჩელენჯერის“ ჩემპიონი გახდა. გამარჯვებული საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.
ფინალს ასევე ესწრებოდა სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი.
ATP Challenger Tour-ის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მზიურის საჩოგბურთო კორტებზე მამაკაცებს შორის მიმდინარეობდა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა. გამარჯვებულმა 50 სარეიტინგო ქულა მიიღო. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.
ATP Challenger-ის ჩემპიონატებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების მიხედვით პროფესიონალ ჩოგბურთელებს ATP Tour-ის უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.




