სპორტის მინისტრი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების გაცილების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას.
მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა ქვეყნისთვის საამაყოა.
ზაფხულის მე-18 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 20-26 ივლისს ჩატარდება ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.

ფესტივალზე 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს.
საქართველოდან კი 36 სპორტსმენი მონაწილეობს სპორტის შემდეგ სახეობებში:
ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო და სპორტული ტანვარჯიში.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია იქნება.
ქართველი სპორტსმენები ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იღებენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები.