სპორტის კომიტეტმა გორის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა გორის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა.


კომიტეტის გასვლით სხდომაზე, დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.


გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ სხდომაზე, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში სპორტის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.


„ამ მოწვევის პარლამენტის სპორტის კომიტეტი პირველ გასვლით სხდომას ატარებს იმ რეგიონში, სადაც წარმატებული სპორტსმენები აღიზარდნენ, რომელთაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელეს. ჩვენ დავათვალიერეთ ის ინფრასტრუქტურა, სადაც მომავალი თაობები იზრდებიან“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ.


კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, რეგიონში მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, რის გამოც სპორტის მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება მნიშვნელოვნად გაიზარდა.


სხდომაზე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.


„რეგიონი გამოირჩევა სპორტული ისტორიითა და მიღწევებით. შიდა ქართლი არის სპორტსმენების სამჭედლო და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ხელი შევუწყოთ“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.


კომიტეტის გასვლით სხდომაზე გორის, ხაშურის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების მერებმა მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


კომიტეტის გასვლით სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ წარადგინა.


„კანონპროექტი ითვალისწინებს სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, იმ პირთა წრის გაფართოებას, რომელთათვისაც ეროვნული გამოცდების გარეშე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დასაშვები იქნება“, – განაცხადა მომხსენებელმა.


კანონპროექტის თანახმად, სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებს, რომლებიც გახდებიან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


​მოცემული წესი გავრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.

ამასთანავე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხულნი 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading