საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის ანგარიშში კვლავ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო ქვეყნებს შორის
2025 წლის 29 სექტემბერს გამოქვეყნებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო უკვე მე-10 წელია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უმაღლეს – „პირველ კალათაში“ დარჩა. ამ სტატუსით მსოფლიოს მხოლოდ 33 ქვეყანაა წარმოდგენილი 188-დან.
დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ძალისხმევა ტრეფიკინგის პრევენციის, გამოძიებისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხით. პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით შემუშავებული სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც, ტრეფიკინგის საქმეებში კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან.
2016-2025 წლებში სულ 87 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. მათ შორის, 35 პირი – სრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის, 51 – არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის და 1 პირი – ორივე შემთხვევისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომითი და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მოქმედ უწყებათაშორის ჯგუფს, რომელიც პროკურატურის ორგანიზებით აქტიურად მუშაობს პრევენციასა და რეაგირებაზე.