საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს 21-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი სერბეთის ნაკრებთან გამართა. ქართველებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
ანგარიში გაბრიელ სიგუას გოლით მე-11 წუთზე გაიხსნა, 28-ე წუთზე კი სერბებმა ანგარიში მატეია მიტროვიჩის გატანილი პენალტით გაათანაბრეს, ტაიმის მიწურულს პენალტი თორნიკე მორჩილაძემაც ზუსტად შეასრულა და ეროვნული ნაკრები დააწინაურა. შეხვედრის ბოლო გოლი კი მეორე ტაიმში ირაკლი იაკობიძემ 84-ე წუთზე გაიტანა.
ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ტესტ-მატჩი ფინეთის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ასევე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს. მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ 4:2 დასრულდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.