საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები შინდისის გმირების ხსოვნას პატივს მიაგეს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების მეთაურ გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ძალებთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი მეომრის ხსოვნას პატივი მიაგო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინდისის გმირების ოჯახის წევრები, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მოქალაქეები.
მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანმა გმირების ოჯახებს მიუსამძიმრა და გამოთქვა მადლიერება მათი უანგარო თავგანწირვისადმი.
შინდისის გმირების მემორიალური კომპლექსის მშენებლობა გრძელდება
თავდაცვის მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა დეტალურად დაათვალიერეს მემორიალური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2 ფაზაში ხორციელდება:
- პირველი ფაზა დასრულებულია და მოიცავს არქიტექტურულ კონცეფციას, პროექტსა და ესკიზებს, ასევე რკინიგზის ბაქნის საყრდენი კედლის გამაგრებას.
- მემორიალის ძირითადი ნაწილი განთავსდება ღია სივრცეში, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ბრძოლის ეპიცენტრი და საინფორმაციო სტენდებიდან მიიღონ დეტალური ინფორმაცია.
- პროექტი მოიცავს 2 კოლონიან გალერეას, რომელიც სიმბოლურად წარმოსახავს შინდისის 22 მებრძოლს.
- კომპლექსში გაერთიანდება სადგური, სამართავი პუნქტი, პლატფორმა, არსებული მემორიალი და სასაფლაო.
- პროექტი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
შინდისის ბრძოლა — გმირობის მაგალითი
- 2008 წლის 11 აგვისტოს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, საქართველოს თავდაცვის მე-2 ქვეითი ბრიგადის 17 მეომარმა უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე გაწირა, რაც ქართული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდია. მათი ღვაწლი დღესაც რჩება საქართველოს გმირობის და თავისუფლების სიმბოლოდ.