საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ინდოეთში შეხვედრები გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ხელმძღვანელობს, ინდოეთში შეხვედრები გამართა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები დელის უნივერსიტეტისა და ინდოეთის უნივერსიტეტების ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა განათლების სფეროში, განსაკუთრებით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა იმსჯელეს საქართველოს და ინდოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორმაგი ხარისხის პროგრამებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, კომიტეტის წევრები გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი და კონსული ქეთევან ლაგვილავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.



